არც მაშინ ვიცოდი და დღესაც არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა,
მაგრამ ვიცი, რომ რაღაც ძალიან კარგს ნიშნავს.
თავიდანვე ძალიან თავდაჯერებულად ვზრდიდი, თითქოს ჩემი
მეათე შვილი ყოფილიყო, არადა მანამდე 3.400 გრამიანი ადამიანი არათუ მჭერია ხელში,
არც კი მყავდა ნანახი.
თოჯინებით თამაში არასდროს მომწონდა, მაგრამ ნინი განსაკუთრებული
თოჯინა აღმოჩნდა, სულ კისკისებს, თუ არ კისკისებს იღიმის მაინც. მუცელში რომ იჯდა, ვამბობდი, მინდა, რომ გამაბრაზებს ისეთი თვალებით შემომხედოს,
რომ ვერ გავუწყრე-მეთქი და ზუსტად ასეთია. ულამაზესი და უეშმაკურესი თვალები აქვს და
მეც დღე და ღამე ვთამაშობ მასთან ერთად დედაშვილობანას.
ვთამაშობთ და ამ თამაშში ვიზრდებით ერთად. ნინი მე მზრდის,
მე - ნინის. სხვათაშორის, მისგანაც ბევრს ვსწავლობ, ძალიან ბევრს. ვსწავლობ, როგორ არ
უნდა მეძინებოდეს, როცა მას ღვიძავს და თამაში უნდა და ამ ყველაფერს ეშმაკური გამოხედვით
და ღიმილით გეუბნება. ვსწავლობ, როგორ უნდა ვიარო მის ჭკუაზე და ვაკეთო ის რაც მას
უნდა და თან ზუსტად იცის რომ უნდა. ვსწავლობ, როგორ არ უნდა გავბრაზდე, როგორ არ უნდა
დავიღალო არასდროს, არ უნდა მეზარებოდეს არაფერი და მოკლედ ძალიან ბევრს ვსწავლობ.
თურმე ასეც ხდება. ეს ცუცქნა არსებაც მასწავლის რაღაცებს.
ნამდვილად ძალიან კარგია, უკვე
აქვს 6 კიჭი, ორი კიკინის და ცოტა მეტის სამყოფი თმა, ულამაზესი ღიმილი, უსაყვარლესი
ლოყები და თვალები, უგემრიელესი ნაკეცები, 4 თვეზე მეტია თავისი ორი დაგრეხილი ფეხით
დამოუკიდებლად დადის. დედის თვალს ეჩვენება, რომ ლარივით სწორი ფეხუცები არ აქვს მის
გოგოს, თორემ მამიკო „ჩემი შხვართი გოგოო“ ეუბნება. უყვარს ჭამა, ჭამა და კიდევ ერთხელ ჭამა. არცთუ ისე
დიდი ხანი არაა რაც აღმოვაჩინე, რომ აქვს თავისი გემოვნება ჭამაში და ყველაფერს კი არ
ჭამს, მხოლოდ იმას, რაც გემრიელია და მოსწონს. დააგემოვნებს და იმის მიხედვით იღებს გადაწვეტილებას ჭამოს თუ
არა. თან დამოუკიდებლად ჭამასაც ცდილობს, ხანდახან კრახით და წარუმატებლად, მაგრამ
ცდილობს. ვერ დაუკარგავ, ძალიან ცდილობს! არის ძალიან კეთილი და ღიმილიანი, ტიკტიკებს
ყველაფერს, ოღონდ მხოლოდ პირველ ორ ასო-ბგერას. აქვს თავისი შოუ- პროგრამა, რომელსაც
დღითი დღე ამრავალფეროვნებს და ხვეწავს.
მოკლედ, მე დღეს მყავს
ჩემი პერსონალური სათამაშო, ზუსტად ისეთი, თურმე, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი
და ისეთი, როგორიც მხოლოდ მე მყავს. მე დღეს ბედნიერი ვარ არა იმიტომ რომ უბრალოდ დედამ ქვია, არამედ იმიტომ, რომ ნინის, ამ ბუმბერაზი დადებითი ემოციებისა და მოსიარულე
ბედნიერების, დედა ვარ და მის არსებობაში ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი.
და ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მე ხომ მხოლოდ
ახლახანს დავიწყე დედობაზე სწავლა...
ქეთი გიგოლაშვილი
0 comments:
Post a Comment