დიდი ხნის წინ, როცა მე ბავშვი ვიყავი, ბევრი საბავშვო
თავშესაქცევ-გასართობი ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოში. ყოველ საღამოს ჩნდებოდა
კითხვა რა გაგვეკეთებინა მე და ჩემს უმცროს ძმას.
ეზოში ხტუნვა-თამაშის პროგრამა დღის განმავლობაში უკვე
შესრულებული გვქონდა. გვჭირდებოდა რამე ისეთი, რაც ფიზიკურ დატვირთვას აღარ მოითხოვდა,
მაგრამ, სამაგიეროდ, სიამოვნების მინიჭების მხრივ თამაშს უნდა გატოლებოდა.
ასეთი რამ ზღაპრების მოსმენა იყო. ზუსტად არ მახსოვს
რამდენი წლის განმავლობაში გვიკითხავდა დედა ზღაპრებს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეს იყო
დიდხნიანი მოგზაურობა არსებულ თუ არ არსებულ სამყაროებში. ეს იყო იმ მოგზაურობის დასაწყისი,
რომელიც ახლაც გრძელდება ყოველი ახალი წიგნის წაკითხვისას.
ორი დღის წინ დავამთავრე კითხვა ფრანგი ავტორის დანიელ
პენაკის წიგნის „რომანივით საკითხავი“. სათაური ორაზროვანია, მაგრამ მისი შინაარსი
ეხება იმ მეთოდებს, რომლებითაც ბავშვებს კითხვა უნდა შევაყვაროთ.
აი, რას ამბობს ავტორი:
- - არასდროს ვუთხრათ ბავშვს, რომ წიგნი წაიკითხოს;
- - არასდროს შევთავაზოთ წიგნის კითხვის ნაცვლად რამე ჯილდო;
- - არასდროს ვკითხო რა გაიგო წაკითხულიდან;
- - არასდროს ვკითხოთ მოეწონა თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები;
- - არასდროს ვილაპარაკოთ ჩვენ დიდებმა წიგნის სიწმინისა და სიდიადის შესახებ;
- - 1-2 წლის ასაკიდან ვუკითხოთ წიგნი ყოველ საღამოს;
- - მისთვის კითხვა არ შევწყვიტოთ იქამდე, ვიდრე ერთ დღესაც თავად არ იტყვის - „მომეცი, მე წავიკითხავ“;
- - დავტოვოთ წიგნებთან მარტო და მდუმარედ (არ ვესაუბროთ წაკითხულ წიგნზე. ის მასზე თავად ალაპარაკდება);
- - „წიგნის კითხვა“ მისთვის საჩუქარი უნდა იყოს.
მხოლოდ დანიელ პენაკის წიგნის წაკიტხვის შემდეგ მივხვდი ძილის წინ წაკითხული ზღაპრების ძალას. მივხვდი, რომ იმ უალტერნატივო თავშესაქცევმა,
რომელსაც დედა ძილის წინ მიმართავდა, მართლაც კარგი შედეგი გამოიღო და ჩემგან „მკითხველი“
ჩამოაყალიბა.
მოიმარჯვეთ წიგნები და ფრთხილად შეაღეთ თქვენი შვილის
საძინებლის კარი. მისთვის ჯერ მხოლოდ ახლა იწყება უსასრულო ჯადოსნური თავგადასავალი.
0 comments:
Post a Comment