საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, შინ და გარეთ არსებობენ ბევრი მრჩეველები, რომელიც საკუთარ აზრს გიზიარებენ. ან სულაც, არსებობს ტრენდული ქცევების მთელი კასკადი, რომელიც ძიძის შერჩევასა და გაკონტროლებაში გამოიყენება.
მე, როგორც რიგითმა დედამ, რომელმაც ძიძა რამდენიმე თვის წინ ავიყვანე, მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და დაკვირვება.
სად ვეძებოთ ძიძა?
- დაგვაკავშიროს ახლობელმა
ეს მეთოდი საკმაოდ კარგია, იმ თვალსაზრისით, რომ რეკომენდატორ პირს პირადად იცნობ და ენდობი. ასევე, პირადად იცი ის ბავშვები, რომებთანაც მუშაობდა. გაქვს შესაძლებლობა, გაესაუბრო მშობლებს და გამოკითხო წვრილმანი დეტალები.
- დაუკავშირდე სააგენტოს საშუალებით
მე ეს უკანასკნელი მეთოდი გამოვიყენე, თუმცა პირველს ვამჯობინებდი. ძიძის პოვნა საგენტოზე გავლით იმით არის ნაკლებად კარგი, რომ მხოლოდ ერთი ინტერვიუს საშუალება გაქვს, შემდეგ კი 2 საცდელი დღით შეგიძლია სახლში წაიყვანო. ასეთ პირობებში ადამიანის სრულფასოვნად გაცნობა გამორიცხულია. შესაძლოა მიხვდე, რამდენად კეთილსინდისიერი ადამიანია, მაგრამ მის ღირებულებებსა და განათლებას ორ დღეში ვერ გაარკვევ. თუმცა, თუ საკმაო წინდახედულებას გამოიჩენთ, სააგენტოდან კარგ ძიძას იპოვით.
როგორ გამოვიცნოთ მისი ნამდვილი ხასიათი და შესაძლებლობები?
აუცილებლად წინასწარ ჩამოწერეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი: განათლება, კეთილსინდისიერება, ხალისი და ჩემი მითითებების აბსოლუტური გათვალისწინება. ამ საკითხების გარკევევას სანახევროდ გავართვი თავი, სანახევროდ ვერა. მაგრამ ახლა რომ ახლიდან ვარჩევდე მას, აუცილებლად გავითვალისწინებდი საკუთარ შეცდომას.
განათლების დონის გასარკვევად, ნუ ჰკითხავთ რა დაამთავრა და აქვს თუ არა დიპლომი. ჰკითხეთ რა აქვს წაკითხული, როგორ იცნობს ლიტერატურას და რომელი მწერალი ან ნაწარმოები მოსწონს. ჰკითხეთ, რატომ აკეთებს ასეთ არჩევანს, შემდეგ კი დააკვირდით მსჯელობის მანერას და არგუმენტირების უნარს.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ თქვენს პატარს მისგან მოუწევს ცნობიერების ამაღლება და ინტერესთა დაკმაყოფილება. თქვენს პატარს მასთან მოუწევს დისკუსიის გამართვა და შეხედულებების ჩამოყალიბება. ის მზად უნდა იყოს, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს მას. თანაც ისე, რომ თავს არ მოახვიოს საკუთარი შეხედულებები.
კეთილსინდისიერების გაზომვა შედარებით რთულია. ასეთ დროს შეგიძლიათ მოაყოლინოთ წინა სამსახურის ერთი დღე. ან საკუთარ შვილებთან გატარებული დროის მონაკვეთი.
მაგალითად, ჩემთან საცდელ დღეზე მოვიდა ერთი ქალბატონი, რომელმაც მანამდე ინტერვიუს დროს მითხრა, რომ არასდროს უყვირის თავის აღსაზრდელებს და მით უმეტეს ფიზიკური შეხება მისთვის მიუღებელია. სახლში ვესაუბრებოდი თავისი 4 წლის შვილის შესახებ და სრულიად ღიად, რაღაც ამბის მოყოლის დროს თქვა, რომ ხშირად "ტაკოზეც მოსცხობს" ხოლმე. გარდა ამისა, გამომკითხა ოჯახის წევრების პროფესია და დასაქმების ადგილი. ბოლოს კი, ასევე სასხვათაშორისო საუბარში, ახსენა, რომ ძალიან უყვარს სახლში მეზობლების დაპატიჟება და მათთან საუბარი.
ეს ფაქტები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ მისი კანდიდატურა დამებლოკა.
როგორ ვაკონტროლოთ?
1. ხშირად დავურეკოთ ტელეფონზე და ვკითხოთ ამ დრომდე რა გააკეთა ბავშვთან ერთად და კიდევ რას აპირებენ;
2. გაუფრთხილებლად დავბრუნდეთ სახლში ადრე;
3. ვთხოვოთ ნათესავებს გაუფრთხილებლად ესტუმრონ;
4. ეზოში სეირნობისას ვკითხოთ სხვა მშობლებს, რას აკეთებს;
5. "შემთხვევით" ჩვენც იმავე პარკში გავისეირნოთ, რომელშიც ძიძა და ბავშვი სეირნობენ.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ძიძა კეთილსინდისიერიც არის, ჩემს მითითებებსაც ყოველთვის ზედმიწევნით და ცვლილების გარეშე ასრულებს და ზოგადი განათლებაც ასე თუ ისე აქვს, მაინც მგონია, რომ შეცდომები დავუშვი.
ახლა რომ ვიყვანდე მას, შემდეგ საკითხებს გავითვალისწინებდი:
- ავიყვანდი აუცილებლად ისეთს, ვისაც საკუთარი შვილები ჰყავს;
- ავიყვანდი აუცილებლად მხატვრული ლიტერატურის მოყვარულს;
- შევარჩევდი ფანტაზიისა და კრეატივის უნარის მქონეს;
- შევარჩევდი კრიტიკული აზროვნების მქონეს;
- უმჯობესი იქნებოდა, ჰყვარებოდა ბუნება და ცხოველები.
P.S არ დაგავიწყდეთ ძიძის მენტალიტეტის შემოწმებაც. ბავშვთან ჰომოფობებს, ქსენოფობებს, რასისტებს და ა.შ ნუ მიუშვებთ.
ანიტა მაჩაიძე
0 comments:
Post a Comment