12 სარგებელი, რომელსაც ბავშვი ბაღისგან იღებს



ბავშვები ადრეულ ასაკში ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს. ყოველი ახალი გამოცდილება, ყოველი ახალი სიტყვა, ყოველი ახალი ჩვევა არის ინვესტიცია მათი ნათელი მომავლისათვის.

ვერასდროს მოახდენთ ადამიანზე იმხელა შთაბეჭდილებას, როგორც მოახდენთ ბავშვებზე. მშობლების უმეტესობა აცნობიერებს, რომ სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია. თუმცა მთავრობები, ზოგჯერ, ძალიან შორს დგანან ასეთი აზრის აღიარებისგან.

ბარაკ ობამამ თავის 2013 წლის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამერიკაში 3-4 წლის ბავშვების მხოლოდ 51% არის დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. 

ეს მაჩვენებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მისივე თქმით, ეს არის საშინელი დარტყმა ზოგადად განათლების სისტემისათვის.

ამ სფეროში ჩემი 35 წლიანი პროფესიული გამოცდილებით წარმოგიდგენთ 12 სარგებელს, რომელსაც ბავშვი სკოლამდელი განათლებისგან იღებს.



1. სოციალიზაცია

სოციალიზაცია, ოჯახის წევრების გარდა სხვა ხალხთან, დაცულ გარემოში, არის ფუნდამენტური მნიშვნელობის ელემენტი ბავშვის აღზრდაში.
როგორც მშობლები, ჩვენ ინტუიტიურად შეგვიძლია გავაცნობიეროთ და ჩვენს შვილს გავაცნოთ სხვა ბავშვები, ან ხელი შევუწყოთ მათ დამეგობრებას სხვებთან. რაც უფრო ადრეულ ასაკში გავაკეთებთ ამას, მით უკეთესია. ასე ბავშვი დაკარგავს სიმორცხვეს და შეიძენს თავდაჯერებულობას. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დავტოვებთ მას თანატოლების გარეშე, ხელს შევუშლით სოციალურ განვითარებაში.

2. თანამშრომლობა

იმის სწავლა, თუ როგორ გავუზიაროთ სხვას, როგორ გავუნაწილოთ, როგორ დაველოდოთ ჩვენს რიგს, როგორ გავიტანოთ თავი არის საუკეთესო ჩვევები რაც თქვენმა შვილმა უნდა შეიძინოს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედისერთა ბავშვებისათვის იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საშუალება და-ძმასთან ისწავლონ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა განაწილება. თავდაპირველად, ასეთი საკითხის აღმოჩენა ბავშვისთვის შესაძლოა შოკისმომგვრელიც კი იყოს. ადრეულს ასაკში ამის სწავლა ნამდვილად გადამწყვეტია.

3. ზოგადი განვითარება

ძლიერი ფუნდამენტური ელემენტებია ბავშვის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განვითარება. ეს ყველაფერი მათ ამზადებთ ცხოვრებისათვის.
სკოლამდელი განათლების სფეროს პედაგოგები, სპეციალური მომზადების საფუძველზე, იკვლევენ და ადგენენ თითოეული ბავშვის საჭიროებებს და აქტივობებსაც, შესაბამისად, მათ გარშემო აგებენ. მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

4. ენთუზიაზმი

გაკვეთილებმა უნდა გაახალისონ ბავშვები და მათში აღფრთოვანება  გამოიწვიონ. მხოლოდ ამას შეგვიძლია  ვუწოდოთ ეფექტური სწავლება. ჩვენ გვჭირდება შთაგონება, რომ მოვაწყუროთ სწავლა და გავუჩინოთ ენთუზიაზმი. უნდა შევაყვაროთ კითხვა, სწავლა, აღმოჩენები. ამ ყველაფრის ფესვები სკოლამდელ დაწესებულებებშია.

5. ღირებულებები

განათლების, როგორც ღირებულების, ჩამოყალიბება ხდება მაგალითებით, როლური თამაშებითა და აქტუალური გამოცდილებით. რაც უფრო ადრე გააცნობიერებს მშობელი სკოლამდელი განათლების საჭიროებას, მით მეტ პერსპექტივას მისცემს თავის შვილს.

6. პატივისცემა

სხვების პატივისცემის სწავლაც ღირებულებაა. ის არ არის ლიმიტირებული და შეზღუდული. ბავშვი სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს პატივისცემას როგორც სხვა ადამიანების, ასევე გარემოს მიმართაც.


7. გუნდური მუშაობა

გუნდური მუშაობა ბავშვებს სხვისი აზრის პატივისცემას ასწავლის. ასევე უვითარებს მოსმენის კულტურას, თანამშრომლობის უნარს და თანასწორობის შეგრძნებას.
ამიტომაც, საბავშვო ბაღების პროგრამები ორიენტირებულნი სწორედ ასეთ აქტივობებზე უნდა იყვნენ. ადამიანი, რომელიც ბავშვობაშივე ერკვევა გუნდური მოქმედების პრინციპებში,  მას დიდობაში აქვს სოციალური ჰარმონია და კარგი თანამშრომელია სამსახურში.

8. მოქნილი გარემო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს მისთვის ხელსაყრელი და მოქნილი გარემო. ეს ერთდროულად მასწავლებლების და მშობლების გასაკეთებელი საქმეა. უნდა შევქმნათ დაცული და მდგრადი სოციალური სივრცე. ასე ბევრად უფრო მეტი უნარების ათვისებას შეძლებს ის. დადებითი შედეგები კი ადვილად პროგნოზირებადი იქნება.

მასწავლებლის საქმეა, შექმნას გამოწვევებით სავსე გარემო, სადაც ბავშვები მიიღებენ თავიანთ პირველ გამოცდილებას.

9.კონცენტრაცია

ბაღის ასაკში ბავშვს უწევს მრავალი სხვადასხვა შესაძლებლობის გამოყენება. ყოველდღიური აღმოჩენებისთვის, ახალი გამოცდილებებისთვის, ახალი მეგობრებისა და გარემოსათვის. მათი გონება არის ძალიან ცოცხალი და წარმოსახვით სავსე.

ჩვენ, სკოლამდელი განათლების სპეციალისტებს, გვმართებს ვაკონტროლოთ ბალანსი მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს შორის. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ მათი მოსმენით, სხვადასხვა მითითებების მიცემით, ჯგუფური თამაშებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მათ კრიტიკული აზროვნება განვუვითაროთ.

10. მოთმინების უნარი

დიდობაში ჩვენ ყოველდღიურად უამრავი სიტუაცია გვხვდება, სადაც მოთმინების უნარის გამოყენება გვიწევს. ბავშვებსაც სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ აამუშაონ ეს უნარი. ეს მათთვის დიდი სოციალური გამოცდილებაა.

მაგალითების მოსმენით, როლური თამაშებითა და სოციალური გამოცდილებით ბავშვებს უვითარდებათ მოთმინების უნარი. მათ უნდა უწევდეთ, დაელოდონ თავის რიგს. დაელოდონ მასწავლებელს, სანამ ერთ ბავშვთან მორჩება საუბარს და შემდეგ დაელაპარაკოს მას. დაიცადოს, როდის მოვა მისი დრო კონკრეტული სათამაშოთი თამაშისათვის და ა.შ.

11. თავდაჯერებულობა და საკუთარი ღირსების შეგრძნება

ეს რთული საკითხია. კეთილდღეობის ძლიერი განცდა ბავშვებს თავდაჯერებულ, ოპტიმისტ და ღირსების მქონე ადამიანებად აქცევს. ასეთი ბავშვები კი თამამად ავლენენ ტალანტებს, უნარებს და ინტერესებს.

დადებითი ჩართულობა სხვა ბავშვებთან და მასწავლებლებთან მათ მოტივაციას აძლევს, საკუთარ თავზე ჯანსაღი შეხედულებები გაუჩნდეთ.

12. მრავალფეროვნების გაცნობიერება

განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების გაცნობიერება არის გადამწყვეტი ელემენტი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ბაღები აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ ბავშვს, რომ შეაფასოს და მიიღოს ის მრავალფეროვნება, რომელიც გარემოში და საზოგადოებაშია.

მნიშვნელოვანია ბავშვი აცნობიერებდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია თავიანთი კულტურით, რწმენითა და ეთნოსით.

თუ ბავშვი ამას აცნობიერებს, ის უკვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.

საბავშვო ბაღი უფრო მეტია, ვიდრე სათამაშო ადგილი. არ გამოატოვინოთ თქვენს შვილს ბაღში მიღებული განათლების შესაძლებლობა.

ავტორი: Vicki Palmer

Huffingtonpost

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy