არასდროს მესმოდა, მშობლები რომ ამბობდნენ რძლებსა ან
სიძეებზე, ჩვენ ხომ მას მეუღლე გავუჩინეთ და პატივი უნდა გვცესო. ეს ალბათ, ყველა ჩვენგანს
მოუსმენია. მე ახლახანს გავიგე, მამა შვილს, საკუთარ შვილს ეუბნებოდა, დედაა შენი,
ცხრა თვე მუცლით გატარა, გაგზარდა და ვალდებული ხარ პატივი სცეო. გულწრფელად გავოცდი,
ნამდვილად გავოცდი!
დღეს მეც დედა ვარ, უკვე იცნობთ ჩემს გოგოსაც და ალბათ
მეც. 1.7 თვისაა, გაიზარდა, ლაპარაკიც ვისწავლეთ, ლოყების სიფაფუკეც მოგვემატა და რა
თქმა უნდა, წონაშიც საგრძნობლად მოვიმატეთ. მოკლედ უკვე ძალიან კარგი ძაფის გორგლები
ვართ, უსაყვარლესი ტლიკინი ვიცით და ძალიან საყვარლები ვართ. დედა ვარ, და ვიცი ძალიან
სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტურადაც იმავეს ვიფიქრებდი ნინიზე.
ხედავთ, ნინიზე ლაპარაკი დავიწყე თუ არა უკვე ვეღარ
ვჩერდები. მიყვარს ჩემი ძაფის გორგალი და როგორ შეიძლება წლების შემდეგ ვიღაცას, რომელსაც
ჩემი სიძე დაერქმევა, დავაყვედრო ნინის გაჩენა და ვუთხრა, პატივი მხოლოდ იმიტომ უნდა
მცე, ნინი რომ გაგიჩინეთ- მეთქი? არაფერიც!
ნინი ჩემთვის გავაჩინე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის. მინდოდა
დედა გავმხდარიავი და არ ვიცი მანამდე ასეთი რა გავაკეთე, მაგრამ ღმერთმა უხვად, ძალიან
უხვად, ზედმეტადაც კი ალბათ ჩემთვის, დამაჯილდოვა და ნინის დედა გამხადა. სხვის დედობაც
კარგი იქნებოდა, მაგრამ ნინის დედობა მერწმუნეთ, ძალიან დიდი პატივია.
მინდოდა ნინის გაჩენა, მსიამოვნებს მისი დედობა, მისი
გაზრდა, მისი მუცლითტარება, მისთვის ღამეების თენება, მისთვის რაღაცების სწავლება,
მისთვის... მისთვის... მოკლედ მისთვის ყველაფერი მსიამოვნებს.
ზუსტადაც ამიტომ, ჩემი შვილის, ნინის მომავალო თაყვანისმცემლებო
და ჩემო მომავალო სიძევ, ნინი ჩემთვის გავაჩინე და არა თქვენვის, არც მადლობა მინდა
თქვენგან ამისთვის და არც მხოლოდ ამის გამო პატივისცემა! არც რამის დაყვედრებას ვაპირებ
და დღე და ღამე ამის შეხსენებას.
0 comments:
Post a Comment