დიახ, მე ერთი სამყარო მყავს



დედა რომ გქვია ნიშნავს, რომ შენთვის სამყარო ის ადამიან(ებ)ი არის, ვის შექმნასა და არსებობაშიც წვლილი მიგიძღვის. მე ასეთი ერთი სამყარო მყავს და ნინი ჰქვია. სწორედ მის გარშემო ტრიალებს ჩემი ფიქრი, საჭიროებები, სურვილები, ოცნებები, ტრიალებს და არასდროს ჩერდება. მინდა, ყველაფერი მისთვის და მასთან ერთად.

როცა უკვე გყავს შენი სამყარო და მას ნინი ჰქვია, შენ უკვე კი არ უნდა იარსებო, უნდა იცხოვრო! დიახ, იცხოვრო! ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა არსებობასა და ცხოვრებას შორის და როცა უკვე საკუთარი სამყარო გყავს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს - უნდა იცხოვრო!

უნდა შეძლო და გამონახო დრო სარკეში ჩასახედად, გარდერობის გამოსაღებად, სამზარეულოდან გამოსასვლელად.... იმიტომ რომ სამყარო თვალისმომჭრელი, სრულყოფილი და საქმიანი მზის გარეშე ვერ იქნება ისეთი, როგორიც ეს შენს ოცნებებშია და გინდა რომ იყოს. იმიტომ რომ ის შენგან სწავლობს, შენ ხარ მისთვის სამყარო და ყველაფერი კონკრეტული თუ აბსტრაქტული (რა თქმა უნდა ჯერჯერობით).

უნდა შეძლო სამყაროს ასწავლო თავისუფლად, დამოუკიდებლად, ლაღად და ღირსეულად ნაბიჯების გადადგმა. დანარჩენს თვითონ მიხედავს. მთავარი თავისუფლად აზროვნების, დამოუკიდებლად სიარულისა და ღირსეული გადაწყვეტილებების მიღების ცოდნაა.


მე ასეთი ერთი სამყარო მყავს, რომლის გარშემოც ჩემი ფიქრი ტრიალებს, რომლის გამოც არ მაქვს უფლება ცუდი ან ცუდად ვიყო, რომელიც ყველას რომ სჯობს და ყველაფერს რომ მირჩევნია და მას ნინი ჰქვია!...

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy