იცით გაიზარდა, ძალიან დიდი გოგოა, 3 დღეში 2 წლის ხდება. მართალია ასაკს უკვე მალავს და როცა ეკითხები “არვიციო” გპასუხობს, მაგრამ ბოლოს მაინც “გამოტყდება” ხოლმე რომ 2-ის ხდება. იცის უამრავი ლექსი, ცეკვავს, მღერის, ლაპარაკობს, სულ ლაპარაკობს, იმეორებს ყველაფერს და საპასუხოდ ელოდება შენს ღიმილს, იცის რომ მალე მისი დაბადების დღეა, უფრო ადრე პაპიკოსი რომ იყო და კიდე უფრო ადრე დედიკოსი და დაბადების დღის სიმღერას ორ ენაზე თავის თავსაც უმღერის და პაპიკო-დედიკოსაც. იცის რა გვარია თვითონ, ბებიები, ბაბუები, მამიკო და არ არსებობს რომ შეეშალოს, ბევრი რამ იცის და ამ ბევრ რამეში მთავარი, იცის როგორ უნდა გაგვაბედნიეროს, გაგვამხიარულოს და სიცოცხლე შეგვაყვაროს.
ჩემი რომაა იმიტომ კი არა, მართლა ძალიან საყვარელი და კარგია, ულამაზესი ღიმილით, ეშმაკური გამოხედვითა და მანერებით, ეს თვითონაც იცის და სარგებლობს. შეუძლებელია გაბრაზდე და ღიმილი შეიკავო, ძალიანაც რომ შეეცადო მაინც, ესეც იცის და სარგებლობს ამით, სპეციალურად გიყურებს ისე, თავი დამნაშავედ რომ იგრძნო. იცის ვის რა უნდა მოსთხოვოს, რომელ ბებია-ბაბუასთან რა “გასდის”, ესეც არ არსებობს რომ აერიოს. მკაცრად აქვს დაზუსტებული “მხარეების” შესაძლებლობები და მზაობა მის სურვილებზე.
მოკლედ იმ დღიდან, მე რომ დედა გავხდი უკვე 2 წელი გავიდა, 2 წლის წინაც და
ახლაც მგონია რომ ჩემი პერსონალური სათამაშო მყავს, ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა.
არ ვიცი ეს რა გრძნობაა და ზოგადად სიყვარულის განსაზღვრება ძალიან ინდივიდუალური მგონია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ერთი ციდა გოგოს მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას
ვგრძნობ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მასთან ყოფნისას ეს არ მახსოვს. მის გამო არ მაქვს მოდუნების უფლება, აუცილებლად ისეთი კარგი უნდა ვიყო, ნინის დედიკოობის ღირსი დამსახურებულად რომ ვიყო.ესაა ადამიანი, რომელიც დედიკოს სამსახურიდან მოსვლამდე ელოდება და აპროტესტებს დაძინებას, უყვარს დედიკო და ცდილობს ყველა მის გარშემომყოფს დაუმტკიცოს რომ “დედიკო მისია”, “ნინი კი დედიკოსია”, არც უნდა სცადო შეწინააღმდეგება, გაბრაზებაც იცის, თავისებურად, გაბუტვაც და საკუთარი აზრის დაცვაც, ცოტა ჯიუტიცაა, პრინციპულიც.
დედიკო ნამდვილად მისია და ისიც მართლა დედიკოსია და ცხოვრებაში ისეთი კარგი ალბათ არაფერი გამიკეთებია, იქ, ზემოთ რომ გადაეწყვიტათ 2014 წლის 17 ივნისს 19:25 წუთზე ეს გოგო სწორედ მე რომ გამჩენოდა.
მადლობა, უღრმესი მადლობა ამისთვის. დიახ, შენ გეუბნები ამას. მართალი ხარ, აქამდეც უნდა მეთქვა!
0 comments:
Post a Comment