ჩემი სამეცნიერო
ფანტასტიკა ხარ
ჩემი გოგო უკვე დიდი გოგოა, კი არ
მირტყამს მაზანზარებს, არადა თავიდან რამდენი დღე და ღამე სულგანაბული ვიჯექი და ვიწექი
მისი პირველი გაფხაკუნება რომ არ გამომპარვოდა და არც გამომეპარა. მაშინაც რაღაცნაირად
ნაზად „შემაზანზარა“, გული ამიბაგაბუგა და ეს რკინასავით მაგარი გოგო ამაქვითინა. იმ
წამებს ხომ ვერავინ და ვერაფერი დამავიწყებს, ჩემი გოგოს პირველი “გამარჯობა” და პირველი კონტაქტი იყო დედიკოსთან,
მამიკოსთან და გარესამყაროსთან, მანამდეც დასეირნობდა დედიკოს წიაღში, მაგრამ წყანარად,
ჩუმად, თავისთვის...
შემდეგ ხელებიც და ფეხებიც მოუძლიერდა და ახლა თუ ოდნავ
მოვადუნე მის მიმართ ყურადღება წამსვე მახსენებს თავს. მგონი საერთო ენაც გამოვნახეთ
უკვე. მთელი დღეები ველაპარაკები, მისი ყოველი გაფხაკუნებით ვგრძნობ როდის მშია და
როდის მწყურია, არასწორად ვზივარ, ვდგავარ თუ რას ვაკეთებ ისეთს, რაც მას არ სიამოვნებს.
აქამდე დედა რომ მეუბნებოდა, ოღონდ თქვენ იყავით კარგადო,
ვბრაზობდი... მე კარგად ვიყო, კი -ბატონო, მაგრამ, შენ რატომ უნდა იყო ცუდად- მეთქი?! ახლა ვხვდები, ნელ-ნელა მართალია, მაგრამ მაინც,
დედის ეს სიტყვები თურმე რას ნიშნავს. ჯერ მხოლოდ პატარა წერტილაკია ჩემს სხეულში და
უკვე დღე და ღამე ვფიქრობ, რამემ არ შეაწუხოს, მის გამო ვსვამ, ვჭამ და ვიქცევი ისე,
როგორც მარიგებენ (შეძლებისდაგვარად).
წერტილაკი ეძახე შენ და უკვე ჩემი და მისი მამიკოს ცხოვრების
განუყოფელი ნაწილია. მამიკოს ჩემთვისაც და მისთვისაც ნუგბარი შესაბამისი რაოდენობით
მოაქვს. „ეს შენ, ეს კი ჩემს გოგოსო“ მეუბნება და ჩემი ხელით თავის პატარა პრინცესას
მუცლიდანვე ანებივრებს. ყურადღებიანმა მამიკომ მის გოგოებს 8 მარტიც განსაკუთრებულად
მიულოცა. ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი გოგო, ვერ ვეხებით, ვერ ვკოცნით და ვერ ვეფერებით,
სხვა მხრივ კი ყველაფერი ნამდვილი ადამინივით აქვს. დედიკო საჭმლის დაგვიანებისთვის
ბოდიშსაც უხდის, არასწორად თუ იქცევა, მაშინაც სთხოვს პატიებას მის ნამცეცა, ბრიალათვალებიან
ქალს, მამიკო დიდი გოგოსავით არიგებს ჭკუას და ელაპარაკება.
ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკა ხდება ჩემს თავს, მუცელი
მებერება, იქ კიდევ ჩემთვის სრულიად უცხო და ამავდროულად ძალიან ნაცნობი იზრდება, ნებივრობს
და ელოდება შესაბამის დროს, რომ გამოიჭყიტოს თეთრხალათიანი ბიძიები და დეიდები იუცხოოს,
ტირილი დაიწყოს, დედიკომ გულში ჩაიკრას და დაამშვიდოს. ეს ერთადერთი ცრემლებია მისი
ცხოვრების განმავლობაში, რომელიც დედიკოს ძალიან, ძალიან გაახარებს და რომელსაც ამდენი
ხანია ელოდება.
ქეთი გიგოლაშვილი
1 comments:
<3 <3 <3 <3
Post a Comment