რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი


ლაპარაკის და მოსმენილის გაგების უნარი ნელ-ნელა ვითარდება. სხვების მოსმენით თქვენი შვილი იგებს, როგორ გამოითქმის ესა თუ ის სიტყვა და როგორ ებმის სხვა სიტყვებს წინადადებებში.

დაახლოვებით 4-5 თვის ბავშვს უკვე შეუძლია გააკეთოს იმ ბგერების იმიტირება, რომელიც მუდმივად ესმის. ასეთები ხშირად "დედა", "მამა", "დადა", "ბაბა" შეიძლება იყოს.

12-18 თვის ასაკში კი დგება პერიოდი, როდესაც თქვენს პატარას უკვე შეუძლია მარტივი კითხვების დასმა, მიმართულების ჩვენება, პატარა ამბების თხრობა და დიალოგში შემოსვლა.



როგორ და როდის ვითარდება

ქვემოთ ნახავთ მეტყველების განვითარების ძირითად ეტაპებს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია. მეტყველება ის უნარია, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება, ეტაპების გავლის ტემპი კი თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური აქვს.


12-18 თვე

თავის პირველ დაბადების დღეზე თქვენი შვილი ცალკეულ სიტყვებს უკვე გააზრებულად და მნიშვნელობის გამოყენებით უნდა ამბობდეს. შემდეგ თვეებში ის შეეცდება ზუსტად გაიმეოროს სხვისი ნათქვამი ჯერ სიტყვა, შემდეგ - მოკლე წინადადება.

არ გაგიკვირდეთ თუ ის თამაშისას ლაპარაკის იმიტაციას ახდენს და თან სხვადასხვა ტონს ცდის. ის ასე მეცადინეობს.

ბავშვი ამ ასაკში ხვდება ლაპარაკის ძალასაც. ის ხვდება, რომ ეს კომუნიკაციისთვის აუცილებელი რამაა. ამიტომ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც უცხო ადამიანის დანახვისას ბავშვი ყველა სიტყვას ჩამოთვლის რაც კი იცის. ის ამით ცდილობს სხვებს დაანახვოს, რომ შეუძლია და უნდა ლაპარაკი.


ზოგიერთ ბავშვს მეტყველებაზე ადრე სხეულის ენა უვითარდება, ამიტომ ისინი ახერხებენ, მშობელს გააგებინონ ყველა მესიჯი ისე, რომ არ დაილაპარაკონ.

ნუ შეგეშინდებათ, თუკი თქვენი შვილი ერთ სიტყვას მეორეს ნაცვლად გამოიყენებს, ჟღერადობას დაამახინჯებს, მნიშვნელობებს შეუცვლის ან ორ სიტყვას გააერთიანებს. ეს ბუნებრივია. ეს განვითარების ერთ-ერთი საფეხურია. არ მისცეთ პირდაპირი შენიშვნა, ნელ-ნელა თავისით დაალაგებს ყველაფერს.

18 თვის ასაკში, შესაძლოა თქვენმა შვილმა დაიწყოს ცალკე თანხმოვნების წარმოთქმა. მაგ. ტ, დ, ნ, გ, წ და ა.შ არ შეუშალოთ ამაში ხელი. დააკვირდით, რომ სწორ გამოთქმას მიეჩვიოს და ზოგჯერ, თამაშის დროს, თქვენც დაეხმარეთ.


19-24 თვე

ამ ასაკითსვის თქვენს შვილს უკვე კარგად ესმის მარტივი კომენტარები და კითხვები. ამის შემდეგ ყოველ თქვე ის ახალ სიტყვებს ამატებს თავის ლექსიკონში. პირველ ეტაპზე ამ სიტყვების უმეტესობა არსებითი სახელები იქნება. მაგ: კოვზი, მანქანა, სახლი, დათუნია, ფისო და ა.შ.

ამ ეტაპის გაგრძელება კი არის ის, რომ თქვენმა შვილმა ორ-ორი სიტყვა უნდა წარმოთქვას ერთად და სცადოს თავისებური წინადადების აწყობა. ამ დროისათვის მისი გრამატიკა ნულოვან წერტილზეა, ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით: "მე წასვლა", "დედა ჭამა" და ა.შ.

მას უმეტესად ესმის რასაც ეუბნებით, მაგრამ ახალი რაღაცების აღმოჩენისას შესაძლოა დაიბნეს და ზოგიერთი უკვე ნასწავლი სიტყვა განაზოგადოს. მაგალითად, ყველა ცხოველს ძაღლი დაუძახოს.

მისი მეორე დაბადების დღის მოახლოვებისას, მან უკვე უნდა იცოდეს 3-4 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა. ასევე, ამ ასაკის ბავშვებმა კარგად იციან სიტყვა "მე" და აქტიურად იყენებენ. "მე ეს მინდა", "მე არ დავლევ". ნუ გაგიკვირდებათ თუ ასეთ წინადადებასაც მოისმენთ საკუთარი სურვილების წარმოსაჩენად: "ანის წყალი უნდა".


25-30 თვე

ამ ასაკითვის თქვენს შვილს უკვე დიდი ლექსიკონი ექნება. ახლა ის ექსპერიმენტებს ხმის ტონალობაზე ჩაატარებს. ზოგჯერ ყვირილით დაგისვამთ შეკითხვას და ჩურჩულით გიპასუხებთ. ეს ყველაფერი მისთვის დიდი თავგადასავალია.

მისი ლექსიკონი 200 -მდე სიტყვისგან შედგება და მარტივი წინადადებების აწყობა თავისუფლად გამოსდის. იყენებს ზმნებსაც, თუმცა გრამატიკა კვლავ აუთვისებელია. ვერ ანსხვავებს წარსულ და ახლანდელ დროებს. შესაბამისად, საუბრისას ყველაფერს ერთმანეთში ურევს. საჭიროა გრამატიკის სწორ ათვისებაში დაეხმაროთ. ზმნასთან ერთად დაამატეთ სიტყვები - გუშინ, დღეს, ხვალ.

ამ ასაკში ბავშვი აუცილებლად უნდა პასუხობდეს მარტივ შეკითხვებს. მაგალითად: "სად არის შენი ჩუსტები?", ან "გინდა საუზმე?". თუ ეს ასე არ არის, ნუ დააბრალებთ გენეტიკას ან რამე სხვას და ნუ დაიცდით. აუცილებლად წაიყვანეთ ექიმთან. შესაძლოა ეს განვითარების შეჩერებას ნიშნავდეს.


31-36 თვე

თქვენი შვილი 3 წლის გახდა და ის უკვე ლაპარაკობს. შესაძლოა ძალიან ბევრ სიტყვას ამახინჯებს, მაგრამ ლაპარაკობს. მას აქვს უნარი ერთმანეთს გადააბას სიტყვები და მარტივი გრამატიკით გამართოს წინადადება.

მომდევნო თვეებში  უცხოებიც გაიგებენ თუ რას ლაპარაკობს პატარა და რისი თქმა უნდა. მან ასევე იცის საკუთარი სახელი, გვარი და ასაკი.

წყარო: Babycenter








0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy