თუ თქვენს შვილს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს


თუ თქვენს შვილს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს, ნუ შეშინდებით და ნუ მიაწერთ ფსიქიკურ გადახრას. პირიქით, გიხაროდეთ, რომ მას შესანიშნავი წარმოსახვის უნარი აქვს.

ზოგჯერ ბავშვები "ვიღაცას" ელაპარაკებიან, ეთამაშებიან ან სულაც ეკამათებიან. ეს შეიძლება მათი განვითარების ერთ-ერთ ეტაპადაც კი ჩაითვალოს. ბავშვმა თავისი არ არსებული მეგობრის საშუალებით შეიძლება ისწავლოს სოციალური ქცევა ან კარგის და ცუდის გარჩევა. მაგალითად, თუ ბავშვი "ვიღაცას" ეუბნება, "წამოდი, ჭამის წინ ხელები დაიბანეო", ეს ნიშნავს, რომ მან უკვე გააცნობიერა ამ მოქმედების მნიშვნელობა და უკვე "სხვას" აძლევს რჩევებს.


წარმოსახვითი მეგობარი ასევე ეხმარება ბავშვს დაფიქრებისა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაში. ამის გარეშე ვერ მოახერხებდა ის, შეექმნა "ვიღაც" რომელსაც კონკრეტული სახე და უნარ-ჩვევები აქვს ბავშვის გონებაში.

გახსოვდეთ ისიც, რომ "საიდუმლო მეგობარის" გამოგონება ყველა ბავშვს არ შეუძლია. თუ თქვენი შვილი ერთ-ერთი მათგანია, გიხაროდეთ, რადგან ის ნამდვილად განსხვავებული ხედვის ბავშვი გაიზრდება. შემოქმედებითობა კი ბევრ რამეში დაეხმარება.

არ იფიქროთ, რომ წარმოსახვითი მეგობარი ნამდვილი მეგობრების შეძენაში ხელს შეუშლის. პირიქით, ეს იქნება თემა, რომლის სხვებისთვის გაზიარებასაც მოინდომებს. ეს იქნება ზუსტად ის საკონტაქტო თემა, რომლითაც სხვა ბავშვებთან პირველ ურთიერთობაში გამოიყენებს.

შეგიძლიათ, თქვენც ჩაერთოთ მის თამაშში და უკეთ გაიცნოთ მისი "მეგობარი". სთხოვეთ, აღწეროს როგორია, რა უყვარს, როდის "მოდის" მასთან, როგორ იქცევა, ჰყავს თუ არა "ოჯახი" და ა.შ. კარგი იქნება თუ სთხოვთ დახატვასაც.

ასე ბავშვი იგრძნობს, რომ თქვენც მოგწონთ მისი "მეგობარი". ეს აზრი უფრო გაათამამებს და გაბედულს გახდის წარმოსახვაში.




0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy